მანანა და ლალი მ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი! ლალი - რაო, ჩემო მანანა? მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანა? ლ ა ლ ი - რასა ბრძანებ, ქალბატონო! არ გათხოვებ არასდროს, გინდა ისევ გააცივო, ისევ სურდო დამართო? მ ა ნ ა ნ ა - რადგან ასე მეუბნები, რადგან ასე მაჯავრებ, დამიბრუნე ჩემი ვაშლი, მე რომ გუშინ გაჭამე. ლ ა ლ ი - არაფერიც, არაფერიც, არაფერსაც არ მოგცემ, იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს, ლოყაზე რომ გაკოცე? მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგნი მოგიტანე კარგი წასაკითხავი?.. ლ ა ლ ი - მერე მე რომ მოგარჩინე, ექიმი რომ ვიყავი? მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე, სულ არ იცი თამაში, გახსოვს, მე რომ მოგეხმარე კანფეტების ჭამაში? ლ ა ლ ი - მერე მე რომ შენს თოჯინას გავუკეთე ნემსები?! მ ა ნ ა ნ ა - მერე მე რომ წაგიკითხე დიდი, გრძელი ლექსები?! ლ ა ლ ი - როგორც ვხედავ, ქალბატონო, უმადური ბრძანდები, დაგავიწყდა, გუშინწინ რომ გამომართვი ბაბთები? მ ა ნ ა ნ ა - არც თოჯინა მინდა შენი, აღარც შენი ვაშლები, ბუტე, ბუტე, გაგებუტე, აღარ გეთამაშები!